„ტესლამ“ ახლო აღმოსავლეთიდან სატვირთოებზე შეკვეთა მიიღო

არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია „ბიი’ამ“, რომელიც ნარჩენების განადგურებასა და გადამუშავებაზეა ორიენტირებული, ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ტესლას“, ელექტრულ სატვირთო ავტომობილ „ტესლა სემის“ პარტია შეუკვეთა. კონტრაქტის შესაბამისად, არაბულმა კომპანიამ 50 ელექტრული სატვირთო ავტომობილის მიღება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.

„ბიი’ას“ შეკვეთა რიგით მესამე უდიდესია, რომელიც „ტესლას“ ელექტრულ სატვირთო ავტომობილზე მიიღო. ამაზე მეტი მას „პეპსიკომ“ (100 ცალი) და UPS-მა (150 ცალი) შეუკვეთეს. „ბიი’ას“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია „ტესლა სემის“ ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს. დროთა განმავლობაში, მისი პარკი მთლიანად ელექტრომობილებით შეივსება.

„ტესლა სემის“ წარდგენა ნოემბერში გაიმართა. საზოგადოებას ის თავად კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა, ილონ მასკმა წარუდგინა. ავტომობილი ოთხი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა დახმარებითაც, 36 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. ელემენტების ბლოკის ერთი სრული დამუხტვა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 800 კილომეტრი გაიაროს.

„ტესლა სემის“ დამუხტვას სწრაფად დასამუხტი სისტემები მოემსახურება, რომლებსაც ამერიკის ძირითად მაგისტრალებზე და სატვირთო ავტომობილების სადგომებზე დაამონტაჟებენ. მასკის თქმით, ასეთი სისტემით ნახევარსაათიანი დამუხტვის შემდეგ, „ტესლა სემი“ 640 კილომეტრის გავლას შეძლებს.

„ტესლა სემის“ წარმოება 2019 წელს უნდა დაიწყოს. თითოეული ავტომობილის საბაზრო ფასი 150 000 დოლარი იქნება.