„თბილისში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება“

ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, მოუწესრიგებელი, ქაოტური მოძრაობა და ტრანსპორტის ლოდინში გატარებული ძვირფასი დრო… - ეს მწარე სინამდვილეა, რომელსაც თბილისელები ყოველდღიურად აწყდებიან. როგორ აპირებს დედაქალაქის ახალი მერი და მისი გუნდი ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარებას? - ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ქალაქ თბილისის მერის მოადგილეს - მაია ბითაძეს ესაუბრა:

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველამ ვიცით რა მიზეზით იგვიანებს ტრანსპორტი - ეს უმეტესწილად საცობების ბრალია. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის წინა სხდომაზეც განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპლექსური მოწესრიგებაა. ეს საკითხი თავის თავში გულისხმობს რამდენიმეპუნქტიან გეგმას, რომელსაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიზნით განვახორციელებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისის მცხოვრებთათვის - ეს ჩვენი უპირველესი საზრუნავია.

-ქალბატონო მაია, რას ითვალისწინებს თქვენი მრავალპუნქტიანი გეგმა?

- პირველი პრობლემაა ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არა აქვს გადაადგილებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები - ე.წ. ბასლეინები, სადაც ავტობუსები და მიკროავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. იმის გამო, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის, საცობები ჩნდება და ტრანსპორტის მოძრაობაც ირევა. ჩვენი მთავარი მიზანია ავტოპარკი ახალი სამგზავრო ავტობუსებით განვაახლოთ, გარდა ამისა, უნდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაწყოთ ცალკე სავალი ხაზები, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება გადაადგილების საშუალება. ეს ტრანსპორტის მოძრაობას გაცილებით მოწესრიგებულს გახდის, ადამიანს ეცოდინება, რომ ავტობუსის მოსვლის გრაფიკი არ შეიცვლება და მას არსად დააგვიანდება. მერიას ძალიან დიდი გეგმები აქვს მეტროპოლიტენთან დაკავშირებითაც. დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა მივმართოთ მეტროს რებილიტაციისათვის, რაც ვაგონების გადაადგილებას დააჩქარებს და სამგზავრო დროის ინტერვალს შეამცირებს. შესაბამისად, გეგმები, რომელიც მერიას აქვს დასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას და გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს სფერო თბილისში საერთოდ მოუგვარებელია და მის მოწესრიგებას ეტაპობრივად ვაპირებთ.

-რამდენად გამართულია ელექტროტაბლოების მუშაობა? ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაბლოზე 3-4 წუთი წერია, მაგრამ ავტობუსი 15-20 წუთის შემდეგ მოდის.

-თუ რომელიმე ტაბლო შეფერხებით მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია ტექნიკური ჯგუფი გავუშვათ და გადაამოწმოს, მაგრამ როგორც ვიცი, ისინი ძირითადად გამართულად მუშაობენ. ეს ტექნიკაა და შეიძლება ზოგჯერ მწყობრიდანაც გამოვიდეს, მაგრამ მოუწესრიგებელი გრაფიკის მთავარი მიზეზი მაინც საცობებია.

-არანაკლები პრობლემაა სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ხარვეზებით მუშაობენ.

-მერიას სპეციალური სანებართვო პირობები აქვს დადგენილი, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსებმა უნდა იმუშაონ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ყველა კომპანიასთან, რომელიც სამარშრუტო ხაზებს კურირებს. მერია ამ მიმართულებითაც გეგმავს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მომავალ კვირაშიც უნდა შევხვდეთ ამ კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე სამარშრუტო ტაქსების მიერ განაწესის შესრულების საკითხი განიხილება. ამ კომპანიებს მკაცრად უნდა მოვთხოვოთ სანებართვო პირობების შესრულება და ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა უფრო შეუვალი უნდა გახდეს.

-ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, ხალხით გადავსებულ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს რა ეშველება?

-ავტოპარკის განახლება ამ პრობლემის მოგვარების მთავარი გზაა. თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ისინი ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებენ, რითაც დედაქალაქში მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთება.

ხათუნა ჩიგოგიძე