როგორ დავარეგისტრიროთ იჯარის უფლება

საჯარო რეესტრი აგრძელებს „საკონსულტაციო ბარათების“ გამოქვეყნებას, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, მიიღონ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

რა არის იჯარა

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლის მიღების შესაძლებლობა. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.

იჯარის ერთ-ერთი სახეა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა, როდესაც მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა მოიჯარეს საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან მის გარეშე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება აუცილებელია დაიდოს წერილობითი ფორმით. მეიჯარის თანხმობის გარეშე, მოიჯარეს არ აქვს უფლება მესამე პირს, ქვეიჯარის უფლებით გადასცეს ქონება.

თუ არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის (არა უგვიანეს ერთი თვისა).

იჯარის რეგისტრაცია

საჯარო რეესტრში, იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი და ხელშეკრულება დადებულია ერთ წელზე მეტი ვადით (მათ შორის, თუ დადებულია მცირე ვადიანი ხელშეკრულებები და მათი საერთო ვადა აღემატება 1 წელს).

სხვა შემთხვევაში, იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო არ არის ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (მაგ: ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულება, 1 წელზე ნაკლები ვადით დადებული ხელშეკრულება).

იჯარის უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მეიჯარის ან მოიჯარის მიერ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის საფუძველზე.

იჯარის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით.

იჯარის უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დანტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

• განცხადება (აღნიშნული ივსება ელექტრონულად, უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ)

• დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• სათანადო წესით დამოწმებული იჯარის ხელშეკრულება

• მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი; ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი.

შენიშვნა: იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია 4 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება მომსახურების საფასური გარეშე.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია

• თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

• ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია იჯარის უფლების რეგისტრაციისათვის.

• თუ იჯარის უფლების მქონე არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, მაშინ იჯარის უფლების წარმოშობის, ამ უფლებაში ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გარეშე.