ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პროექტების განხორციელებისას, ტენდერის ფასის მიხედვით 10%-ს შეაგროვებენ და თავად გადაწყვეტენ, რა ტიპის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პროექტებზე მოიხმარენ ამ 10%-ს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს არის თვითდაფინანსება და არა თანადაფინანსება.
"არსებული პრაქტიკით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე უკეთებდა იდენტიფიცირებას პრობლემას, თავად პოულობდა კონტრაქტორ კომპანიას და შემდგომში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ხდებოდა გამგეობების მიერ ამ პროექტების დაფინანსება. ბუნებრივია, რომ ასეთი პრაქტიკა ძალიან სერიოზულად ზრდიდა კორუფციის რისკებს და იწვევდა თანხების არაეფექტურ ხარჯვას. რაც შეეხება თანადაფინანსებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოსახლეობიდან მოთხოვნა იყო რომ რიგ შემთხვევაში 20-30%-ის თანადაფინანსება მომხდარიყო ამ პროექტების. მოსახლეობიდან იკრიბებოდა ფული, შემოდიოდა გამგეობების ანგარიშზე იმისთვის, რომ დაფინანსებულიყო პროექტები. ასეთი სისტემა იყო მოუქნელი, კორუფციის რისკების მატარებელი და საკმაოდ არაეფექტური. ჩვენი ახალი სისტემის მიხედვით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება, განხორხციელდება ტენდერების საშუალებით და გამგეობა და მერია 100%-ით დააფინანსებს.
რაც მოეთხოვება მოსახლეობას, იქნება ის, რომ ტენდერის ფასის მიხედვით 10% მათ უნდა შეაგროვონ ამხანაგობის ფარგლებში, თავად გააწყვიტონ რა ტიპის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პროექტებზე მოიხმარენ ამ 10%-ს. ეს არის თვითდაფინანსება და არა თანადაფინანსება. ასეთი მიდგომით მთლინად აღმოვფხვრით კორუფციის რისკებს, მოხდება ტენდერების მეშვეობით თანხების ეფექტური ხარჯვა და შესაბამისად, განხორციელდება უფრო მეტი პროექტები. ამხანაგობა გადაიქცევა რეალურად იმ რგოლად, რაც თავიდან იყო მოაზრებული გამგეობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, გამჭვირვალე კომუნიკაციის და თანამშრომლობის ინსტრუმენტად", - განაცხდა ილია ელოშვილმა.