იმ შემთხვევაში თუ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სემეკ-ის რეკომენდაციებს კომპანიები არ გაითვალისწინებენ, დაჯარიმდებიან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის თქმით, ჯარიმა შესაძლოა იყოს 5 000 ლარიდან ზემოთ და შესაძლოა გამოიწვიოს ლიცენზიის გაუქმება.
გიორგი ფანგანის ინფორმაციით, პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ თბილისის ფარგლებში მოქმედებდა, ხოლო შემდეგ ეტაპზე იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით გასვლა.
„ჩვენ პირველ ეტაპზე გავცემთ რეკომენდაციებს, რათა რამდენიმე თვეში მოხდეს დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა. თუ დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, ამის შემდეგ კომისია მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს. შემდეგ პროექტზე ჩვენ თბილისს გავცდებით და ყველა კომპანიას შევისწავლით, ასევე ფართო იქნება შესასწავლი საკითხების სპექტრიც. „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში რამდენიმე დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს არის ისეთი დარღვევები, რომელიც აჩვენებს, რომ მომსახურების ხარისხი კომპანიებში არის დასახვეწი“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
კომისია აგრძელებს „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს, რომელიც მოიცავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ყველა კომპანიის მიერ მოქალაქეებისათვის გაწეულ სხვადასხვა მომსახურებებზე დაკვირვებას.