"მშენებლობებზე უბედური შემთხვევები, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არა კომპანიების"

პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მშენებლობაზე უსაფრთოების მხრივ ქვეყანაში არსებობს, „ბიზნესმენების მონათმფლობელურ“ დამოკიდებულებას ვერ არეგულირებს. პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში შრომითი ინსპექცია დროულად შეიქმნას.

„მშენებლობებზე უბედური შემთხვევები, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არა კომპანიების, რადგან უსაფრთხო შრომაზე და ასევე იმაზე, რომ ადამიანი სახლიდან სამსახურში მიდიოდეს და უკან მშვიდობით ბრუნდებოდეს, ვალდებულება სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. მისი ვალდებულებაა, რომ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი გარემო უსაფრთხო შრომისათვის, ასევე ჩარჩოებში ჩასვას ე. წ. ბიზნესმენების მონათმფლობელური ნოსტალგიები, რა სიტუაციასაც ქმნიან ისინი სამუშაო ადგილზე. ბუნებრივია, იმ ადამიანებს, რომლებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული, წარმოდგენაც არ აქვთ იმაზე, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო შრომა და რა სტანდარტები არსებობს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ასე, რომ იმ 41 ადამიანზე პასუხისმგებლობა, რომლებიც მშენებლობის დროს გარდაიცვალნენ, ეკისრება სახელმწიფოს. წინა წელს 54 ადამიანი დაშავდა და წარმოდგენა არ გვაქვს მათგან რამდენი გარდაიცვალა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულის ოჯახს ურიგდება და ფაქტების გაყალბება ხდება. ტრავმული შემთხვევები, რომლებსაც ადამიანები სამუშაო ადგილზე იღებენ და გარდაცვალების ფაქტი მერე სახლში დგება. ამ სტატისტიკას კი ვერავინ ითვლის, რადგან სამწუხაროდ, ნორმალური ქმედითი უწყება ამ ქვეყანაში არ არსებობს, რომელსაც ამბიცია ექნება, რომ ამ სახელმწიფოში შრომა იყოს უსაფრთხო. უნდა არსებობდეს რეალური შრომითი ინპექცია, რომელიც გაუწევს მონიტორინგს იმას, თუ რამდენად არის დაცული ის საკანონმდებლო სივრცე, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით, შრომითი უსაფრთოების პრევენციისთვის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი არაეფექტიურია და მის მუშაობის შედეგში ბევრი ხარვეზი იკვეთება. პეტრიაშვილის თქმით, აუცილებელია ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა.

„შრომის ინსპექცია უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უწყების ქვეშ. ის უნდა იმართებოდეს ცალმხრივად და ადმინისტრირებაც ასევე ცალმხრივად უნდა ხდებოდეს. მას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები, რომ ბიზნესი აიძულოს დაიოკოს თავისი მონათმფლობელური ნოსტალგიები. ბუნებრივია, ამას სჭირდება რეგულაციები და შრომის ინსპექციის მიერ სანქციების გაწერა, როდესაც ასეთ სითავხედესთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.