„ლათინურ ამერიკას განახლებადი ენერგიის რევოლუცია ელოდება“ - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Market Views ლათინურ ამერიკაში არსებულ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე სტატიას.
როგორც მასშია აღნიშნული, საუკუნეების განმავლობაში ლათინური ამერიკის ბუნებრივი რესურსები მსოფლიო ეკონომიკას ამოძრავებდნენ. ესპანეთის იმპერიის დაფინანსებისთვის საჭირო ვერცხლის გალეონებიდან დაწყებული და ჩინეთის განახლებისთვის საჭირო რკინისა და სპილენძის მარაგებით დასრულებული, ლათინური ამერიკის ბუნებრივი რესურსები მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში იყო მოთხოვნადი. ახლა კი განახლებადი ენერგიისადმი ინტერესის ზრდა, რეგიონში ქმნის ახალ ეკონომიკურ ფენომენს - მოხდეს მისი ექსპლუატაცია შიდა მოხმარებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით, რათა მოხდეს მისი ქარის, მზის, გეოთერმული და ბიოსაწვავის ენერგეტიკული რესურსების გამოყენება.
დღეისათვის ლათინური ამერიკა კვლავ ძალიან არის დამოკიდებული სხვა ბუნებრივ რესურსზე - ნავთობზე. „ბრიტიშ პეტროლიუმის“ სტატისტიკური მონაცემების თანხმად, ლათინური ამერიკა მსოფლიო ნავთობის მარაგების 20%-ს ფლობს, რაც მას ხდის ნომერ მეორე რეგიონს მსოფლიოში. ნავთობზე დამოკიდებულება თავად რეგიონში მაღალია (46%) და მნიშვნელოვნად აღემატება დღეისათვის მსოფლიოში არსებულ საშუალო მაჩვენებელს (31%-ს), მაგრამ ლათინური ამერიკის ელექტროენერგეტიკის სექტორი სულ უფრო ცდილობს გათავისუფლდეს ნავთობდამოკიდებულებისგან. Inter-American Bank-ის ინფორმაციით, ლათინურ ამერიკაში ელექტროენერგიის მოხმარება 2015-2040 წლებში გაორმაგდება და მას დამატებით 1,500 ტერავატ/საათი ენერგია დასჭირდება. ეს არის უზარმაზარი ციფრი, რომელიც მაგალითისთვის დიდ ბრიტანეთს ხუთი წლის განმავლობაში ეყოფა.
ნავთობზე დამოკდიებულების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის, რომლებსაც თავად არ აქვთ ნავთობის მარაგები და სრულად არიან დამოკიდებულები იმპორტზე. ასეთი ქვეყნები კი მრავლადაა ლათინური ამერიკის ცენტრალურ და კარიბის ზღვის რეგიონში. შესაბამისად, ნავთობისგან თავის დაღწევას პირველები სწორედ ისინი დაიწყებენ და ეს მოხდება განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ.
კოკა კვირკველია