„ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით, რაც განსაკუთრებულ მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის,“-ასე აფასებს ახლად გახსნილ სასტუმრო „ტრიბეკას“ მისი ერთ-ერთი მფლობელი, ბექა ძაგნიძე.
გამორჩეულია სასტუმროს მისაღებიც, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი კვარტლის, მანჰეტენი-ტრიბეკას სტილით არის შთაგონებული. ამასთან, როგორც ძაგნიძემ აღნიშნა, სასტუმრო ორიენტირებულია, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
„ჩვენი სასტუმრო თბილისის ბაზარზე არსებული სასტუმროებისაგან განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა, რაც სტუმრებისთვის განსაკუთრებულ მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის. „სასტუმრო ტრიბეკა“ იმითაც არის გამორჩეული, რომ ორიენტირებულია ხელმისაწვდომ ფასად უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, თუმცა ამას არ დავჯერდებით, მსგავსი პროექტების განხორციელება თბილისის სხვადასხვა უბანში გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ძაგნიძემ.
სასტუმროში, რომელიც დედაქალაქში, 1870 წელს შექმნილი დიზაინით აგებულ შენობაში ფუნქციონირებს, ჯამში კომფორტ და დელუქს ტიპის 38 ოთახია. აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს ორი კომფორტ ოთახის გაერთიანება და საოჯახო ნომრის შექმნაც შეეძლებათ.
სასტუმროს ყველა ნომერი უზრუნველყოფილია კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით და უფასო ინტერნეტით. ნომრებში განთავსებულია ასევე: მინი ბარი, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ინივიდუალური აბაზანა, პლაზმური ტელევიზორი – სატელიტური არხებით, ოთახები აღჭურვილია სამუშაო მაგიდით და სეიფით, რომელიც სტუმრებისთვის ძვირფასი ნივთების უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს. ამასთან, სასტუმროს ნომრებში სტუმრებს უფასო წყალი და ცხელი სასმელების მომზადების შესაძლებლობა ექნებათ.
გარდა ამისა, დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ, სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე ბარით - SAPERAVI CLUB, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ბარს ორი ტერასა აქვს, საიდანაც სტუმრებს ულამაზესი ხედით ტკბობის საშუალება აქვთ. SAPERAVI CLUB-ში მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელის, ქართული ღვინისა და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბარსი სტუმრობის შესაძლებლობა არა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს, არამედ გარედან შემოსულ ადამიანებსაც აქვთ.
„ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი სასტუმრო, რომელიც ტურისტებს სასიამოვნო მოგონებებს დაუტოვებს. მსგავსი ტიპის ობიექტების მშენებლობა დედაქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია“, -განაცხადა სასტუმროს გახსნაზე თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
სასტუმროს მშენებლობისთვის ჯამში 2 მილიონი დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. „ტრიბეკაში“ უკვე დასაქმდა 14 ადამიანი და მფლობელების თქმით, უახლოეს მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება.
„სხვადასხვა მნიშვნელოვან ვებ-გვერდებზე განთავსებდა ინფორმაცია სასტუმრო „ტრიბეკასა“ და თბილისის (როგორც აუცილებლად სანახავი ქალაქის) შესახებ. ამასთან, კვიპროსში მდებარე ჩვენი საკონსულტაციო PR კომპანიის დახმარებით, ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდება, როგორც ონლაინ ტურისტულ სააგენტოებში, ასევე 35-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში. ჩვენი მიზანი, ქალაქის შემოსავლის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და თბილისის, როგორც ახალი MUST-SEE მიმართულების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა,“ - განაცხადა სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა ბექა ძაგნიძემ.
თაია არდოტელი