მექსიკაში „ევრაზიულ კავშირთან“ თანამშრომლობისთვის სპეციალური საიტი შეიქმნა

„ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან“ თანამშრომლობის განვითარებისთვის მექსიკაში სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა. ამის შესახებ განცხადება „მექსიკა-რუსეთის“ სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა მდივანმა, ამერიკო ალიატორემ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ამ საიტის შექმნის მიზანი საერთო პროექტების რეალიზებაში დახმარებაა. „ამასთან, ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ ოფციას - ინტერნეტტელევიზიას ონლაინ რეჟიმში, რომელიც სპეციალიზირებულია ორ ქვეყანას შორის ბიზნესპროექტების განხორციელებაზე,“ - განაცხადა ალიატორემ.

საიტზე განთავსებულია ასევე ინფორმაცია მნიშვნელოვან სავაჭრო ეკონომიკურ მოვლენებზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაინტერესება ორივე მხარის მხრიდან. მაგალითად, განთავსებულია ინფორმაცია ამა წლის თებერვალში მოსკოვში დაგეგმილი გამოფენის, „პროდექსპოს“ შესახებ.

ცნობისათვის, მექსიკა არ არის პირველი ლათინო-ამერიკული ქვეყანა, რომელმაც ინტერესი გამოხატა „ევრაზიულ კავშირთან“ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების დაჩქარებაზე მიაღწიეს შეთანხმებას ბრაზილიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

შეგახსენებთ, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ ეს არის ინტერნაციონალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

კოკა კვირკველია