„კოკა-კოლა“ 2030 წლისთვის მის მიერ გაყიდული ყოველი პლასტიკის ბოთლის უტილიზებას გეგმავს

მსოფლიოს უმსხვილესი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Coca-Cola, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, გეგმავს მისი ბრენდის ქვეშ გაყიდული თითოეული პლასტმასის ბოთლის უტილიზებას, რათა შეამციროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ქუინსიმ განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ასევე კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებას. ცნობილია, რომ მომხმარებლებისა და გარემოსდამცველების მხრიდან ისმის მძაფრი კრიტიკა სასმელი კომპანიების მიმართ, რადგან მათ მიერ წარმოებული პალსტიკის ბოთლები დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს ოკეანეების დაბინძურებისა და ზოგადად გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, „კოკა-კოლა“ აპირებს გახდეს ლიდერი კომპანია პლასტიკების უტილიზაციის თვალსაზრისით.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, კომპანია ამ შედეგის მიღწევას მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლების გზით გეგმავს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ მიმართულებით კომპანია ასევე გეგმავს უტილიზებული პლასტიკატის ბოთლების გადამუშავებას და კვლავ გამოყენებას და ამ მხრივ მის მიერ წარმოებული პროდუქციის წილის 50%-მდე გაზრდას. 132 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია იმედოვნებს, რომ მსგავსი საქციელით მომხმარებლების თვალში შელახულ რეპუტაციას აღიდგენს.

პლასტიკის მიერ გარემოს დაზიანება დიდი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს და გეგმებს სახავენ ევროკავშირის ქვეყნებში. შეგახსნებთ, ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის Ellen MacArthur Foundation-ის კვლევის თანახმად, დღეისათვის მსოფლიოში წარმოებული პალსტიკის მხოლოდ 10%-ია უტილიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის თუ პრობლემის დროული გადაჭრა არ მოხდა, მსოფლიოს ზღვებში თევზზე მეტი პლასტმასის ბოთლი იქნება.

კოკა კვირკველია