უძრავი ქონების განცხადებების საიტი saqme.ge ორ თვეში მობილური აპლიკაციის გამოშვებას გეგმავს.
საიტზე სხვადასხვა ფუნქციის დამატება აიტი (IT) კომპანია Lemondo-სთან თანამშრომლობის შედეგია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ saqme.ge და lemondo ბიზნესპარტნიორები გახდნენ.
თანამშრომლობის ფარგლებში Saqme.ge-ზე პირველი სიახლე 2017 წლის 15 ივლისს გაეშვა. თუმცა, Lemondo არსებულ შეთავაზებებზე შეჩერებას არ აპირებს და მომხმარებელს ყოველკვირეულად ახალ ფუნქციონალს სთავაზობს. კერძოდ, Lemondo-ს გენერალური დირექტორის, ლევან კილაძის განმარტებით, სიახლეები ინერგება როგორც განცხადების განმთავსებლის, ისე უძრავი ქონების მაძიებლისთვის.
”საიტის ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, თუმცა მომსახურების ღირებულება არ გაზრდილა. მომხმარებელთა კმაყოფილება ჩვენი მთავარი მიზანია და აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება. ამ ეტაპზე ყოველდღიურად 30 000-მდე უნიკალური ვიზიტორი გვყავს. ვებგვერდი Microsoft.Net-ის ძლიერ პლატფრომაზეა შექმნილი და საიტს შეუძლია 300 000 მომხმარებელს უპრობლემოდ მოემსახუროს,”- განმარტავს კილაძე.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის შედეგად saqme.ge-ს ბევრი ახალი ინოვაციური ფუნქცია უკვე შეემატა. მათ შორის: განთავსებული განცხადებების დეტალური სტატისტიკა, დამატებითი პარამეტრებით განცხადების ძიება, განცხადებების დახარისხება არამარტო უბნების, არამედ ქუჩების მიხედვითაც, განცხადების ღირებულების ავტომატური კონვერტაცია ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად სხვადასხვა ვალუტაში, საინტერესო განცხადებების ჩანიშვნა/დახარისხება, ასევე დახარისხდა რუბრიკები და სასწრაფო განცხადებები ცალკე გამოვიდა.
გარდა ამისა, საიტზე უკვე შეიქმნა ახალი ფუნქციონალი -„სმარტ აგენტი“ (Smart Agent), რომლის შედეგადაც საიტზე სასურველი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ახლად დამატებული განცხადების შესახებ, მომხმარებელი შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურზე მყისიერად მიიღებს.
ამასთან, saqme.ge-ს დაემატა ახალი ფასიანი მომსახურება - 360 გრადუსიანი ფოტო. შედეგად, განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს პროფესიონალური ფოტომომსახურება, რის შემდეგაც მსურველი მის ბინას დეტალურად დაათვალიერებს, ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ ჩეთის საშუალებით რეალურ დროში ესაუბროს კომპანიის თანამშრომელს და კითხვებზე ადეკვატური პასუხი მიიღოს.
საიტზე განცხადების განმათავსებელი პირებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ განმცხადებელს უკვე აქვს საშუალება, ყოველკვირეულად მიიღოს საკუთარი განცხადების სტატისტიკა - რამდენმა კაცმა ნახა ან გამოეხმაურა მის განცხადებას. ამასთან, საიტზე განთავსებული განცხადება ავტომატურად თავსდება ”გუგლის” საძიებო სისტემაში და ძიებისას დიდი ალბათობით სწორედ saqme.ge-ზე განთავსებული განცხადება ამოვარდება. გარდა ამისა, ფასიანი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, განცხადებების დისტრიბუცია მოხდება ისეთ პოპულარულ საიტებზე, როგორიცაა ambebi.ge, ipn.ge და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებთან, სამაკლეროებთან (მაკლერებთან) და ინდივიდუალურ მომხმარებლებთან განსხვავებული მიდგომაა და ისინი სხვადასხვა სატარიფო გეგმით სარგებლობენ.
რაც შეეხება, ყიდვა-გაყიდვისა და დასაქმების მომსახურებას, რომელსაც Saqme.ge ასევე სთავაზობს მომხმარებელს, Lemondo-ს გენერალური დირექტორის, ლევან კილაძის განმარტებით, მათი დახვეწა და ახალ პლატფორმაზე გადატანა მაქსიმუმ 3 თვეში მოხდება.