2017 წელს თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო

გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2017 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 1,589 მილიარდი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს რუსეთი 1,184 მილიარდი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ჩინეთია, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან გასულ წელს 939.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აზერბაიჯანი და უკრაინა იკავებენ.

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა ასევე: სომხეთი, გერმანია, აშშ, ბულგარეთი და იტალია.