2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2,728 მილიარდ აშშ დოლარს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,979 მილიარდ აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი) შეადგენს.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,252 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2,063 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 24.5 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2,844 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 646.5 მილიონი აშშ დოლარი იყო (13.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2,198 მილიარდი აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).
„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.7 პროცენტი და იმპორტში 27.5 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 29.6, 27.1 და 30.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.5 პროცენტი (2016 წელს 31.7 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 3 541.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელთან შედარებით 30.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1 180.7 მლნ აშშ დოლარი (60.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 360.9 მლნ აშშ დოლარი იყო (19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 43.3 პროცენტი და იმპორტში 29.6 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 28.9, 34.9 და 27.2 პროცენტი). 2017 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.5 პროცენტი (2016 წელს 24.0 პროცენტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
2017 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 589.4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 183.7 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (939.5 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 419.8 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის ექსპორტმა 234.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 696.6 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 474.4 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 350.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).