2019 წლიდან თბილისში უფასო სამუშაო სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას

დედაქალაქში მეწარმეებისა და ბიზნესმენებისთვის საზიარო სამუშაო სივრცის მოწყობა იგეგმება.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიის, შენობის შერჩევა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში დამწყებ საშუალო მეწარმეებს ყველა მომსახურების, სერვისის მიღება უფასოდ შეეძლებათ.

„გეგმის მიხედვით, აღნიშნული სივრცის მოწყობა 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება სერვისებს, სივრცეში რამდენიმე ძირითადი მიმართულება იქნება. კერძოდ, განთავსდება უფასო სამუშაო სივრცეები, ამასთან, სხვადასხვა დარგის სპეცილისტები მსურველებს უფასოდ გაუწევენ კონსულტაციას, გარდა ამისა, დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვების მოწყობაც. აღსანიშნავია, რომ პროექტის თანახმად, სივრცეში ერთდროულად 60 ადამიანის მომსახურება იქნება შესაძლებელი,“-აღნიშნა ბასილაიამ.

აღნიშნული პროექტის განხორციელება, ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი ევროა, რომლის 50%-საც ევროკავშირი აფინანსებს.