გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტურბინები უკვე საქართველოშია

 

230 მგვ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინები უკვე ფოთის პორტშია.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, მათ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 10 დღე და 100-ზე მეტი ტრაილერი დასჭირდება.

„სადგური იმუშავებს გაზზე და ორთქლზე და იქნება 50 პროცენტით უფრო ეკონომიური, ვიდრე აქამდე არსებული ამ ტიპის თბოელექტროსადგურები,“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ.

საპარტნიორო ფონდმა თავის შვილობილ კომპანია - „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან“ ერთად გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იანვრის თვეში დაიწყო და გეგმავს, რომ იგი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან გაუშვას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. პროექტის პარტნიორი კი უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ“-ია. მშენებლობაზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 70 პროცენტი ადგილობრივია.

ფონდში აცხადებენ, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიით ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება, ხოლო ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, სადგური ნახევარი საათის განმავლობაში შეძლებს ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგებას.