ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო, ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და სხვადასხვა დარღვევის გამო 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, შპს "ქართული პროდუქტის" ხორცის საბითუმო ბაზარში (ე. წ. საბურთალოს ბაზარი), გარდა ანტისანიტარიისა და სხვა დარღვევებისა, აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი - ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი - ფორმა #2.

ვაჟა ფშაველას მე-2 კვარტალში მდებარე შპს "ვიტაში" (ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება, ნახევარფაბრიკატები) კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გარდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გამოავლინეს ორგანოლეპტიკურად შეუსაბამო დიდი რაოდენობით მზა სურსათი - 70 კგ ქაბაბი, 70 კგ კატლეტი, 35 კგ ტოლმა, 20 კგ გუფთა, სალა, 100 კგ სოიოს კატლეტი, 30 კგ ხორციანი ბლინი, 20 კგ კარტოფილის ვარენიკი, 22 კგ ხინკალი. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ნახევარფაბრიკატების ლაბორატორიული კვლევის ოქმი. პროდუქცია დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - შპს "ორიონში" (ე. წ. გვირაბი) ხორცის შენახვა-რეალიზაცია არ ხდებოდა სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ხორცი იყიდებოდა დაშლილი მეორადი მუყაოს ყუთის ზედაპირზე, ასევე კოროზიული ზედაპირიდან და გამორთული მაცივრიდან.

შპს "ქართულ პროდუქტს", შპს "ვიტას" და შპს "ორიონს" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ ხორცისა და ხორცპროდუქტების რეალიზაციის უფლება და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, დაჯარიმდნენ 1000 ლარით. ამოღებული ხორცპროდუქტები განადგურდება.