როგორ მოვიგერიოთ PASDAKLEBA, CHAIDANI და MATSIVARI

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს.

დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში თქვენ წაიკითხავთ ბლოგებს, სტატიებს, მოსაზრებებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობისა და ამ კუთხით მოქალაქის, ბიზნესის, მედიის, სახელმწიფოს როლის შესახებ.

პირველი ბლოგის ავტორი მირიან ქორიძეა - კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ინსპექტორის აპარატის აქტიური განმცხადებელი.

მისი ბლოგიდან თქვენ გაიგებთ, რა კავშირშია ერთმანეთთან მაცივარი და პერსონალური მონაცემების დაცვა.

„ბიზნესპრენიუსი" ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

"პერსონალურ მონაცემთა დაცვა არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თანამედროვე სამყაროში მონაცემების დაცვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა - რაც უფრო მარტივია მათი მოპოვება და დამუშავება, მით უფრო დიდია ამ ყველაფრის ბოროტად გამოყენების საფრთხე.

საქართველოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას, რადგან კომპანიების გარკვეული ნაწილი არ ითვალისწინებს დადგენილ წესებს, მომხმარებლის რეალურ ინტერსს და უხეშად არღვევს კანონს. ხშირ შემთხვევაში, ერთი შეხედვით უწყინარი სარეკლამო SMS-ის მიღმა, ჩვენი უფლებების დარღვევა იმალება. ამას მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როცა ჯერ ერთ რეკლამაზე ვიტყვით "pff ამას დავბკოლავ და მეტი აღარ მოვა"... მერე მეორეზე და ა.შ. იქამდე, სანამ ტელეფონი რეკლამებით არ გაგვევსება.

საკუთარი მონაცემების დასაცავად რამდენიმე წელია ვიბრძვი - მას შემდეგ, რაც სარეკლამო SMS-ების ბუმი დაიწყო საქართველოში. თავიდან არ არსებობდა მექანიზმები, რისი საშუალებითაც შევძლებდი მათ შეჩერებას. მიწევდა კომპანიებში დარეკვა და ქოლ-ცენტრის ოპერატორებთან ხანგრძლივი და ხშირად ხმამაღალი საუბრები, რომ აღარ გამოეგზავნათ ჩემთან სარეკლამო მესიჯი, მიწევდა იმის ახსნა, რომ მე არ მიმიცია ამ კომპანიისთვის ჩემი მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ მთავრდებოდა ეს ყველაფერი.

მოგვიანებით SMS-ების გათიშვის მექანიზმი შემუშავდა, თუმცა მაინც ხშირია ამ წესების იგნორირების შემთხვევები - ზოგს არ აქვს მითითებული შესაბამისი ნომერი, ზოგს მითითებული აქვს, მაგრამ არ მუშაობს, ზოგს კი (შემთხვევების უმრავლესობა) საერთოდ არ ჰქონდა ჩემი მხრიდან დასტური მონაცემების მოპოვებასა და გამოყენებაზე. კანონში არის მცირედი ხარვეზები, რასაც ორგანიზაციები სათავისოდ იყენებენ. მაგალითად: თუ საჯარო სივრცეში, სადმე გიწერია შენი ტელეფონის ნომერი ან ელ-ფოსტა, რეკლამირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს მონაცემი აიღოს და დაამუშავოს იქამდე, სანამ შენ არ მოსთხოვ ამის შეწყვეტას.

თუ კონკრეტულმა გამომგზავნმა დააიგნორა მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა, ვუკავშირდებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, ელექტრონულად ვუგზავნით განცხადებას, მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტის აღწერით და კონკრეტული მტკიცებულებებით (ეკრანის ანაბეჭდი aka Screenshot, ვიდეო, აუდიო). განცხადების საფუძველზე, აპარატი იწყებს მოკვლევას და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია ჯარიმდება.

ხშირად მეუბნებიან ნაცნობები და მეგობრები ფრაზებს: “არ გეზარება?”, “ერთ რეკლამას რა უჭირს”, “შენ ხომ არ გიხდიან ამ ჯარიმებს, რატომ გეხალისება?” და ა.შ. მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ყველა ხვდება, რომ სჯობს დასაწყისში იმოქმედო...

როგორც ამ საქმეში გამოცდილს და ექსპერტად ქცეულს, ყოველდღე მეკითხებიან - როგორ მოიქცნენ თუ მათი მონაცემები ნებართვის გარეშე დაამუშავა რომელიმე კომპანიამ. მსგავსი კითხვების მომრავლება მახარებს და სიამოვნებით ვეხმარები ყველას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხის შესახებ ცნობადობამ მოიმატა და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვა.

მე დაუკითხავად აღარ მწერს "PASDAKLEBA", "CHAIDANI", "MATSIVARI" და კიდევვ მრავალი..." - წერს ბლოგის ავტორი მირიან ქორიძე