გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018” მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა.

სამინისტროს ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში - ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.