"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას საწვავის 25 თეთრით, ხოლო გაზის ფასის 8 თეთრით გაიაფებას ჰპირდება

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, მათი გეგმა საწვავსა და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.

”ნაციონალების” თქმით, აქციზური გადასახადის გაუქმება 25 თეთრით გააიაფებს საწვავს და 8 თეთრით გაზს მოსახლეობისთვის, ხოლო ბიზნესს გაუიაფებს საწარმოო ხარჯებს და შესაბამისად, მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება გადასახადების შემცირებასაც ეხება, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირებას, რაც როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ბიზნესს მისცემს საშუალებას, გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს.

ასევე, მათი ერთ-ერთი დაპირებაა ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომებისა და დარღვევების დეკრიმინალიზება, რაც ნდობას გააჩენს ბიზნესსა და და სახელმწიფოს შორის და ბიზნესს ზრდის სტიმულს შეუქმნის.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მოსახლეობას შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას ჰპირდებიან, ასევე ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომ, კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, გულისხმობს ახალი კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას სატრანსპორტო ხაზებზე და შეღავათების ფართო სისტემას.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კონკრეტული გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს თბილისში სატრანსპორტო შეღავათებისა და კომუნალური გადასახადების გაიაფების სისტემას, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობას, ყველასთვის ტარიფის 50-დან 20 თეთრამდე დაწევას, გათბობისა და ცხელი წყლის ინოვაციურ სისტემას მოიცავს, რომელიც ოჯახს 35%-ით უიაფებს ხარჯს, ხოლო ზაფხულში მისი თქმით, პრაქტიკულად უფასოა.