მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მთავრობის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა , დოლარის ინდექსმა დღეს კლება გააგრძელა და ბოლო სამი წლის მინიმუმის განახლებაც მოასწრო.
ამერიკული ვალუტის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან მის გასაშუალოებულ კურსს ასახავს, 2014 წლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 90.00-ს. გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით, ის 0.13 პროცენტით შემცირდა და 89.75-ს მიაღწია.
მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობის დაფინანსების საკითხის დადებითად გადაწყვეტა დოლარს ზრდის ბიძგს მისცემდა. ასეც მოხდა, თუმცა ძალიან მცირე ხნით. ამის მთავარი მიზეზი კი გახდა ევროპის ცენტრალურ ბანკთან (ECB) დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სტიმულირების პროგრამის დაგეგმილზე ადრე დასრულებას აპირებს. ამას მოჰყვა ევრო-დოლარის წყვილის 1.2355 დოლარამდე გაზრდა, რაც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
კიდევ უფრო მაღალი ტემპით იზრდება ბრიტანული სტერლინგი, რომელმაც 1.4141 დოლარს მიაღწია, ეს 2016 წლის ივნისის შემდეგ უმაღლესი ფასია. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში სტერლინგის ვარდნა, ბრექსიტთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო. იმ რეფერენდუმზე, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა (ბრექსიტი) გადაწყდა.
დოლართან პოზიციებს იაპონური იენიც იმყარებს, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან წყვილში 109.37-მდე გაიზარდა. გუშინ იაპონიის ბანკმა იენის საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. თუმცა იენის გამყარებას ის გარემოება უწყობს ხელს, რომ ბანკმა გრძელვადიანი ობლიგაციების შესყიდვის მოცულობა შეამცირა. ბაზარმა ეს აღიქვა, როგორც სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დასაწყისი. თუმცა იაპონიის ბანკი დაჟინებით იმეორებს, რომ ჯერჯერობით, მსგავსი გეგმები არ აქვს.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა დავოსის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მიესალმება დოლარის დასუსტება, რაც ეკონომიკის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, მან და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, დავოსშივე ფართო საინვესტიციო პროგრამები წარადგინეს. მისივე თქმით, საგადასახადო რეფორმას უკვე მოჰყვა ეკონომიკის გამოცოცხლება. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეთრი სახლი, ქვეყნის ეკონომიკის სამი და მეტი პროცენტით ზრდას ვარაუდობს.