"ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სასწრაფო დახმარების ავტომანქანებზე კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები არ იკვეთება"

ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები არ იკვეთება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „სიტრონ ჯორჯიას“ საჩივარი კონკურენციის სააგენტოში 12 დეკემბერს შევიდა და მან გუშინ შესაბამისი ბრძანება გამოსცა. „ბრძანებაშიც ნათქვამი და დასაბუთებულია და ახლაც ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არ იკვეთება კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით. ეს არის ცალსახა და ამას ჩვენი დასკვნის დიდი ნაწილი ეთმობა. ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ თუ ჩვენ მოკვლევაზე უარს ვაცხადებთ ის უნდა იყოს დასაბუთებული. რაც შეეხება ბრძანების მეორე ნაწილს, რომელიც ეხება 6 კომპანიის მიერ შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, ჩვენ სამწუხაროდ, ამ მოკლე პერიოდში ვერ შევძელით სრულად მოგვეძიებინა ეს მასალა, რადგან ჩვენი რესურსი შეზღუდულია და ბაზარი არის ძალიან დიდი. ამავე დროს, ახალი ავტომობილების რეალიზაციაში არა მხოლოდ 6, არამედ გაცილებით მეტი კომპანია მონაწილეობს, ამიტომ ეს საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევისწავლით საკითხს და არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს ან რაიმე წინასწარი მიზანი გვაქვს“, - განაცხადა ხადურმა.

გასული წლის ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძემ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროენ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

12 დეკემბერს შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ.

კონკურენციის სააგენტომ დღეს "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.