საწვავი კიდევ გაძვირდა

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა საწავავი კიდევ 2-5 თეთრით გააძვირა.

ჯამში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი ლიტრზე საშუალოდ 8 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის იმპორტიორები ამბობენ, რომ საცალო ფასის დადგენისას ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასებით ხელმძღვანელობენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით PLATT’S-ის მიხედვით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე ასე გამოიყურებოდა: ბენზინი - 978,25 დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) 891,50 დოლარი/ტონაზე. ნავბპროდუქტების იმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის საერთაშორისო ფასი ტონა ბენზინზე დაახლოებით 40-50 დოლარით გაძვირდა, რამაც საცალო ქსელში ფასების 2-5 თეთრით ზრდა გამოიწვია.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ნავთობიმპორტიორთა მეორე ნაწილი და არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები. მათი განცხადებით, საწვავზე ფასის ზრდის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 აპრილს ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 985,75 დოლარი იყო, დიზელზე კი 879,25 დოლარი.

შედარებისთვის სამთვიან პერიოდს თუ ავიღებთ, 7 თებერვლის მდგომარეობით საერთაშორისო ფასი ბენზინზე 947 დოლარი იყო, ხოლო დიზელი 896,75 დოლარი ღირდა.