იპოთეკური სესხი ბიტკოინის მაინერებისთვის - საფინანსო ორგანიზაციების ამ ახალი მაქინაციით მალე ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩება.
გაზეთი „რეზონანსის" ცნობით, როგორც აღმოჩნდა, კრიპტოვალუტის გამომუშავების სანაცვლოდ, ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს თანხას უძრავი ქონების უზრუნველყოფით ისე, რომ ადამიანს ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად იყიდოს სუპერკომპიუტერები და "გამდიდრდეს ერთბაშად", როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.
საფინანსო სექტორის მხრიდან ფულის მოზიდვის ამ უცნაური სქემის შესახებ "რეზონანსმა" საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფის - PTA PKWGZ-ის მოკლე ტექსური შეტყობინებიდან შეიტყო: "გამოიმუშავე კრიპტოვალუტა (ბიტკოინი და სხვა) იპოთეკური სესხი მაინერებისთვის 18%-ად".
მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით და როგორც დაინტერესებულმა პირმა, ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ კომპანია მაინების შეძენაში ადამიანებს დახმარებას ვერ უწევს, მაგრამ გასცემს სესხს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ამის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა ინტერნეტით უნდა მოძებნოს გზები კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად.
"თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ სესხი და ამ თანხით შეიძინოთ "მაინერი" - დანადგარი, რომელიც უშვებს ბიტკოინს. ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ გამოიმუშაოთ ბიტკოინი, მაგრამ მოგცემთ იპოთეკურ სესხს იმის გარანტიით, რომ შეიძენთ დანადგარს. ჩვენ არ ვყიდით მას, ინფორმაცია, თუ სად შეგიძლიათ მისი ყიდვა, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ. სესხს გავცემთ უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ანუ თანხით გეხმარებით. 10 წლამდე ვადით გაძლევთ 10 000 დოლარს. ეს თანხა მხოლოდ უძრავი ქონების გარანტიით გადის", - გვითხრა კომპანიის თანამშრომელმა.
მოგვიანებით, საფინანსო სფეროს ექსპერტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრთხე, რაც შეიძლება მიადგეს ნებისმიერ რიგით მოქალაქეს, რომელიც "მაინების" შეძენის მიზნით იპოთეკური სესხის აღებას შეეცდება.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე "რეზონანსთან" საუბრობს მოსალოდნელ რისკზე, რაც დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიტკოინში ინვესტირების შემთხვევაში ემუქრება. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ადამიანებმა დანაზოგი ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში განათავსონ.
"საფინანსო ორგანიზაციისგან თანხის აღება ნიშნავს, რომ უნდა გარისკოთ. თუ იზარალებთ, ბინას დაკარგავთ, რადგან აღებულ თანხას არავინ დაგიბრუნებთ. ეს არის აფერა, მიკროსაფინანსოების ასეთ შემოთავაზებას არ უნდა ენდოს ხალხი. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა გამოვიდეს განცხადებით, რადგან მავნე ფინანსური პროდუქტებისგან მოსახლეობის დაცვა მათ ევალებათ. ჭკუაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისთვის სასარგებლო შეთავაზებას არავინ მისცემს, ეს იშვიათად ხდება.
უკვე ჩანს, რომ საფინანსო სექტორში ბევრი ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით, რადგან შეთავაზების ასეთი ერთადერთი მიზანი უძრავი ქონების მითვისებაა. ეტყობა, ფულის კეთების ახალი სქემა შეიმუშავეს. ადამიანი შეიძლება მეტის მიღების სურვილით გაბრიყვდეს. იმას ვერავინ აცნობიერებს, რომ ბიტკოინის ღირებულება დაბლაც შეიძლება წავიდეს. ვინც თანხას გაძლევთ, ის არაფერს რისკავს და თქვენ შეიძლება წააგოთ.
ადამიანებს გამდიდრების, ფულის გამომუშავების სურვილი აქვთ და ეს ბუნებრივია, მაგრამ არა ამ გზით! ცოტა ხნის წინ 20 000 დოლარიც ღირდა ბიტკოინი და ვინც ამ ფასად შეიძინა, მოკლე დროში ძალიან იზარალა. ასეთ რისკზე წასვლა სესხით არაფრით არ ღირს, რადგან სარისკო ინვესტიციაში ფულის ჩადება წარმოუდგენელია", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.
ბიტკოინს აქვს უარყოფითი მხარეც, ანუ იმ კონფიდენციალურობას, რომელიც ასე მოსახერხებელია მრავალი ტრანზაქციისთვის და ამცირებს მის დანახარჯებს, ზოგიერთი კრიმინალი გამოიყენებს თავის სასარგებლოდ.
"შეიძლება გახსნათ ანგარიში, რითაც შეიძენთ "მაინებს", მაგრამ ჰაკერებისგან არ ხართ დაცული. ჰაკერული თავდასხმის გამო, შესაძლოა, მრავალი კომპიუტერი მოექცეს კრიმინალების ზემოქმედების ქვეშ.
გარდა ამისა, რისკია ფასების დინამიკა. რთული საპროგნოზოა, დაბლა წავა ფასი თუ - მაღლა. ჩემი აზრით, ახლო მომავალშიც ადამიანები ეცდებიან, ბანკების ალტერნატივა გამოიყენონ და ეს ბიტკოინი გახდება. ბევრი ყიდულობს და ახორციელებს ინვესტიციას უკვე ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში, რაც ძალიან დიდი რისკია", - დასძენს გოჩა თუთბერიძე.
ფინანსური ინსტიტუტების მანიპულაციებს ეხმაურება საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და ხალხს სწორ გზაზე დადგომაში დაეხმარონ, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.
"ხალხი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა არის კრიპტოვალუტა, ფორექსი და სხვა, ამ უკანასკნელზეც დიდ თანხას კარგავს ხალხი. საფინანსო ორგანიზაციებს ვერ აუკრძალავ შეთავაზებას, სანამ მაქინაციებზე არ დაიჭერენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. მოსახლეობაც უნდა იყოს აზრზე, რასთან აქვს საქმე, რადგან მათზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა სესხს "მაინების" შესაძენად.
შესაძლოა, ზოგიერთი მართლა აჰყვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რადგან ამ ეტაპზე მათ აქვთ მხოლოდ ვარაუდი, იმედი და ბევრი მოტყუვდება. ამიტომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კანონი არ ითხოვს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის სასჯელს, ამიტომ მოქმედებენ, როგორც უნდათ, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს აზარალებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი არის დეცენტრირებული ციფრული ვალუტა. იგი არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში და შესაძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლებისა და საბანკო ტრანზაქციის გარეშე.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"