"საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ"

საქართველო შედის იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო სულ უფრო მეტი კომპანიის მიერ განიხილება, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში.

„გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ბიზნესთან. ყველა შეხვედრა იყო აბსოლუტურად კონკრეტული, ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ. ეს შედეგი იყო ძალიან ცხადი და აბსოლუტურად ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, დაინტერესებულია იმ კომბინაციით სავაჭრო ხელშეკრულებების, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან, სამეზობლოსთან და ჩინეთთან. საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა, ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ განიხილება, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან კარგი შედეგების მომტანია საქართველოსთვის და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი ფორუმი არ დასრულებულა კონკრეტული შედეგის გარეშე.

„დღეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ პრაქტიკული ნაყოფის მოკრეფა უნდა დავიწყოთ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან და დარწმუნებული ვარ, ამის შედეგებს ყველანი დავინახავთ“, - დასძინა პრემიერმა.

დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული პოლიტიკური შეხვედრებიდან გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან.

„ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა ენერგო ტრანზიტის პროექტებზე, ასევე, პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკითხს, როგორიც არის კასპიის რეგიონიდან ახალი გაზის ტრანზიტის პროექტები და პერსპექტივები. გვქონდა საუბარი ენერგოკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი ახალი ენერგორეგულაციებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ ამ მუშაობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.