გიორგი კვირიკაშვილი : ამერიკული ხომალდის საქართველოს წყლებში ყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ადასტურებს

ის ფაქტი, რომ ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი, ვინც ნატო-ს ეგიდით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მა არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

"საქართველოსთან ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, აშშ-მა საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ის შორის ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს, ” -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.