საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპას მოუწოდა შეიმუშავოს განვითარების ახალი ათწლიანი სტრატეგია, ვინაიდან მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი ამ დროისთვის ღრმა კრიზისს განიცდის.
როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ საერთო ევროპული სტრატეგია აუცილებელია იმისათვის, რათა ევროპის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს უჩვენონ „ახალი ძალა, რომელიც სხვებთან ითანამშრომლებს“.
„საფრანგეთი დაბრუნდა ევროპის გულში, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვიქნებოდით წარმატებულები წარმატებული ევროპის გარეშე“ - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, „იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს გაყოფა, აუცილებელია, ევროპა იყოს ძლიერი“.
„მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევცვალოთ განვითარების სტრატეგია 10 წელიწადზე ისეთი მიმართულებით როგორიცაა ეკონომიკა, სოციალური საკითხები, მეცნიერება და პოლიტიკა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„როიტერი“ ხაზს უსვამს, რომ მაკრონის გამოსვლა დავოსში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩამოსვლამდე გაიმართა. საფრანგეთის ლიდერს საკუთარ გამოსვლაში ტრამპი არ უხსენებია, თუმცა იხუმრა დავოსში მოსულ უხვთოვლიანობაზე, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლოა, აიძულოს ზოგიერთი ადამიანი, შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. (შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გასული წლის ზაფხულში განაცხადა, რომ აშშ დატოვებდა კლიმატთან დაკავშირებით პარიზის შეთანხმებას.)
კოკა კვირკველია