სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ხარჯებმა 27 270 568 ლარი შეადგინა. ჯამური ხარჯის 65%-მდე, დახარჯულია „ქართულ ოცნების“ მიერ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც სამსახურის გადაწყვეტილებით მოიცვა 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები თანხას ძირითადად ხარჯავდნენ რეკლამაში. გარდა რეკლამისა, მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული ასევე შრომის ანაზღაურებასა და თანამშრომლების მივლინებებში.
აღნიშნულ პერიოდში პარტიების მიერ გაწეული ხარჯები ასეთია: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 17 600 948 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 2 078 378 ლარი, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 1 523 360 ლარი, ”ევროპული საქართველო” – 1 484 891 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 668 346 ლარი, ”ეროვნული ფორუმი/შენების მოძრაობა” – 543 596 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 558 814 ლარი, ”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო” – 508 302 ლარი, ”საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 453 978 ლარი, ”მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის” – 434 978 ლარი, ”ახალი ქრისტიან - დემოკრატები” – 428 834 ლარი, ”თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” – 426 798 ლარი, ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” – 415 811 ლარი და ა.შ.
ამავე პერიოდში დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები კი ასე გამოიყურება: ალექსანდრე ელისაშვილი - 126 105 ლარი, დომენტი სიჭინავა - 51 723 ლარი, გულო ზუმბაძე - 23 206 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე - მალხაზ უდესიანი - 5 075 ლარი და ა.შ.