დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის სანაცვლოდ მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან იუწყებიან, საქმე დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას ეხება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ორ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საერთო ჯამში 3 500 აშშ დოლარს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.