საქართველოში თამბაქოს მოხმარების თითქმის 20%-იანი შემცირების ფონზე, (ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით) ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები რეკორდულად გაიზარდა.
შესაბამისად, მოიმატა თამბაქოს კონტრაბანდასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამაც.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ “ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 15 საქმე აღიძრა, 2017 წელს 64 საქმე აღძრეს. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 21 პირის მიმართ, 2017 წელს კი 63 პირის.
რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685 კოლოფი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები 20-ჯერ გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, როდესაც ქვეყანაში აქციზი იზრდება, ამას ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები, მათ შორის საზღვარზე უაქციზო საქონლის კონტრაბანდული გზით შემოტანა-გატანის ფაქტების ზრდის რისკი. უწყებაში განმარტავენ, რომ 2017 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის და კონტრაბანდული გზით შემოტანა-გატანის ფაქტზე 64 გამოძიება დაიწყო, ამოღებული სიგარეტი ჯამში 550 000 კოლოფზე მეტია, რომლის საბაზრო ღირებულება მილიონ ლარს აღემატება.
„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის ზრდის პროპორციულად, იზრდება დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის ფაქტები. უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვა სამსახურის გამოწვევა ყოველთვის იყო. ამისთვის, არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და საგამოძიებო სამსახური ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებში აქციზის გადასახადი საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მაღალია, რაც საქართველოს გავლით, ევროკავშირის ქვეყნებში უაქციზო საქონლის მოხვედრის რისკსაც ზრდის. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს საბაჟო საზღვრის კონტროლზე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად, ატარებს აქტიურ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში.
საქართველოშო უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტები მას შემდეგ გაიზარდა, რაც თამბაქოზე აქციზმა რამდენჯერმე მოიმატა.