"პანორამა თბილისისთვის" რამდენიმე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია

ერეკლე მეორის მოედანზე უკვე დამტკიცებულია დიზაინიც და სამშენებლო ნებართვაც...თანაინვესტირების ფონდი, "პანორამა თბილისის" პროექტს თბილისის მერიას განსახილველად კიდევ ერთხელ გადაუგზავნის. როგორც ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, თანაინვესტირების ფონდი "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით მერიის და საზოგადოების შენიშვნებს გაითვალისწინებს.

"პროექტის წარდგენისას გაკეთდა განცხადებები, რომ საჭიროა გარკვეული კვლევების ჩატარება. ჩვენ ამ პროექტის წარდგენით, გავაცნობთ ქალაქს და ფართო საზოგადოებას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და გვინდა. ახლა უკვე მერიის არქიტექტურული სამსახურის და თვითონ ქალაქის ჯერია. მათი აზრის გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ ამ პროექტის ოპტიმიზაცია, რომ ის ქალაქისთვის მისაღები იყოს. მერიას არ უთქვამს, რომ საერთოდ არანაირი მშენებლობა არ არის მათთვის მისაღები. არის შენიშვნები და გავითვალისწინებთ მათ.

პროექტის მეორე განხილვა შედგება მაშინ, როცა ჩვენ მოვამზადებთ უფრო სიღრმისეულ კვლევას და მივმართავთ მერიას, რომ მოაწყოს განხილვა. ეს უკვე მერიის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა განხილვა საჯარო. პირველი განხილვა ჩვენთვისაც ცოტა მოულოდნელი იყო. ველოდებოდით მერიისგან იმ ჩამონათვალს, რაც მათ სჭირდებოდათ, რომ წარმოგვედგინა ამ განხილვისას, თუმცა ძალიან კარგი იყო, რომ განხილვა შედგა. ჩვენ გავიგეთ ნაწილობრივ საზოგადოების, ნაწილობრივ მერიის არქიტექტურული სამსახურის აზრი და რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ მომავალში", - აცხადებს ბაჩიაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა პროექტი, ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარეობს არქიტექტურული კომპანიების და დიზაინერების შერჩევა. ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ "პანორამა თბილისის" ფარგლებში რამდენიმე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია.

"პროექტის ფარგლებში რამდენიმე სამშენებლო ნებართვა გაცემულია. მაგალითად, ერეკლე მეორის მოედანზე უკვე არის დამტკიცებული დიზაინიც და სამშენებლო ნებართვაც. შენობის პროექტი დამტკიცებულია ქალაქის მერიის მიერ და მშენებლობის ნებართვაც მან გასცა",-აცხადებს ბაჩიაშვილი.

თანაინვესტირების ფონდმა "პანორამა თბილისის" პროექტის პრეზენტაცია 25 მარტს გამართა. როგორც პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს აერთიანებს:. სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით. პროექტი თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

"პანორამა თბილისის" პროექტს უარყოფითი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან. პროექტი გააკრიტიკეს არქიტექტორებმაც. ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით კი, "პანორამა თბილისის" განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

თბილისის მერიამ კი თანაინვესტირების ფონდს "პანორამა-თბილისისთვის" ჩუღურეთის რაიონი შესთავაზა.

მერიაში ამბობენ, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით არ იყო დასაბუთებული პროექტზე განაშენიანების გეგმის გაცემის მიზანშეწონილობა, ამიტომ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ "თანაინვესტირების ფონდს" უარი ეთქვას მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ფოტოგალერეა