პირველი ვიცე - პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში განთავსდება გაერთიანებული სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა აღარ აშენდება.
როგორც ქუმსიშვილმა აუდიტის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა, ახალი შენობისთვის მიწა უკვე მოძებნილია, პროექტი გაკეთებული, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით გახსოვთ, რომ სამინისტროს ყოფილი შენობა გაიყიდა აუქციონზე. საკმაოდ აქტიური აუქციონი იყო, 6 მლნ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტიდან დაიწყო და საბოლოო ჯამში 9 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტში გაიყიდა. ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა შენობა, რომელიც დაკონტრაქტდა და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა ამ შენობაში ფუნქციონირება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების შესახებ, მიწა არის მოძებნილი და პროექტი არის გაკეთებული. ჩვენ განვიხილავთ, ალბათ ამ კვირაში დავასრულებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ ვერ ვანთავსებთ, უკვე მშენებლობა აქტიურად დაიწყება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ განვათავსებთ, ამ შემთხვევაში სამინისტროს ახალი შენობა არ აშენდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.