როკო და მისი სოფელი

ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არის დრო და პოლიტიკოსები.

მთიანი რეგიონების აღორძინების სამთავრობო ინიციატივა მრავალმა მოქალაქემ მოიწონა, განსაკუთრებით მათ, ვინც ქალაქიდან სოფელს მაშინ დაუბრუნდა, როცა რეგიონებიდან ხალხი დედაქალაქში გარბოდა. აგრეთვე იმათ, ვისაც არასდროს მიუტოვებია სოფელი. ერთ-ერთი მათგანი, ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის მკვიდრი, 39 წლის პედაგოგი და ჟურნალისტი როლანდ (ახლობლებისთვის როკო) ხოჯანაშვილი დღესაც დეურბანიზაციის აქტიური მომხრეა. ის თანატოლებსა და უფრო ახალგაზრდებსაც პირადად და სოციალური ქსელებით სოფელში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

- ძნელია სოფელში ცხოვრება?

- ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ერთ ქალაქში, თუნდაც დედაქალაქში, არ უნდა ცხოვრობდეს. თანაც უმრავლესობა უქმად არის. სოფლად ცხოვრება ძნელია, მაგრამ სიამოვნებაც ახლავს. სულ ვფიქრობ - რა გვჭირს? თუკი ფინეთი და ჩრდილოეთის სხვა ქვეყნები ახერხებენ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ისრაელში ებრაელებმა ბაღნარები გააშენეს, დიდებული ბუნებრივი პირობების პატრონ ქართველებს სურსათი უცხოეთიდან რატომ შემოგვაქვს?! რეგიონებში დიდი პოტენციალია, თავისუფლად შეიძლება ირჩინოს თავი ათასობით ადამიანმა. გულსაკლავია, როცა ვხედავ დაცარიელებულ რაჭას, სადაც მეცხოველეობა ისე შეიძლება განვითარდეს, რომ კონკურენცია გაუწიოს დასავლეთ ევროპას და კენიასაც კი.

- რამდენ საქმეს ასწრებ, პედაგოგი ხარ, ჟურნალისტობ და თურმე გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარები...

- ვმუშაობ სკოლაში, მყავს ფუტკარი, ფრინველი, მსხვილფეხა პირუტყვი, ვთანამშრომლობ სამ გამოცემასთან. ჟურნალისტური ჰონორარი დიდი არ არის, მაგრამ პატარა საქმეებს მიგვარებს. რაც შეეხება სხვების დახმარებას, სოციალურ აქციებს ვუდგები სათავეში და მეგობრების დახმარებით ვებრძვი უსახლკარობას, სიღატაკესა და ავადმყოფობას.

- როგორ მოხდა, რომ სოფელზე გული არ აიყარე და ქალაქის გზას არ დაადექი?

- ქალაქელის სტატუსი ვერაფერს შემძენს. ვფიქრობ, დილა-საღამოს ბოსელში ათამდე პირუტყვის მოვლა და სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება უკეთესი საქმეა, ვიდრე ასფალტზე სიარული ან მოხელის კაბინეტში გამოკეტვა. ჩემს ვენახს, ფუტკარსა და ჩემივე ხელით დამყნილ ხეხილს ვერ მივატოვებ. სოფელს გამუდმებით სჭირდება მზრუნველობა. შეიძლება სასაცილოდაც მოეჩვენოს ვინმეს, რომ დილაუთენია ფუთიანი ვედროთი რძე შემომაქვს სახლში, "მერსედესის" ფანჯრიდან კი თოხის ტარია გამოშვერილი და ყანისკენ მივიჩქარი. წელში გამართული ვარ, რადგან სასიმინდეც სავსე მაქვს, ქვევრებიც და ამით ვამაყობ.

- გეზრული არცთუ მაღალმთიან ზონაშია. როგორ ფიქრობ, უნდა იყოს თქვენი სოფელი მაღალმთიან სოფლებთან გათანაბრებული?

- გეზრული ტიპური იმერული სოფელია, ჭიათურაში ყველაზე მწვანე. 600-680 მეტრი ზღვის დონიდან არ არის დიდი სიმაღლე, მაგრამ უხვთოვლიანობა თავს გვაბეზრებს. ბოლო წლებში დენი მუდმივად გვაქვს, გზაც არის და ჭიათურამდე 1 საათიც არ მჭირდება. ისე, მაღალმთიან სოფლებს მეტად უნდა მივხედოთ. ქართველის საცხოვრებელი, ტრადიციულად, სოფელი იყო. რომ არა ჩემი სოფლის სიყვარული, სიამოვნებით ვიცხოვრებდი შქმერში ან სხვა სოფელში. ონის მუნიციპალიტეტში თურმე 30-ზე ნაკლები ბავშვი დაბადებულა შარშან. ეს ხომ მუნიციპალიტეტის სიკვდილის ტოლფასია. ეგებ გაუმჯობესდეს დემოგრაფიული პოლიტიკა! თუმცა ადამიანებმა თვითონ უნდა ისწავლონ ქვეყნის სიყვარული და მისთვის ცხოვრება. მზამზარეული არაფერი ჩაგვივარდება ხელთ.

- ეკონომიკური პირობები როგორია თქვენს სოფელში, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება?

- ჩემს სოფელში ბევრს არ უჭირს. ვისაც ხელის განძრევა არ ეზარება და ჯანმრთელობაც მოსდევს, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ადვილად ირჩენს თავს. მარტო 35-40 დღეში წაბლის მოგროვებით შეიძლება ზამთრის სარჩოს ყიდვა. პირუტყვსა და ფრინველსაც თუ მოუვლი, არასდროს დაგჭირდება საეჭვო პროდუქციის მარკეტებში შეძენა. სულ ამბობენ, ხალხი შიმშილობსო და ამდენი ღიპიანი ვართ მაინც... ნამდვილად ვიცი, რომ სოფელში არავის უჭირს საკვები მაინც.

- შენი მეურნეობის შესახებ გვიამბე...

- ჩემი მეურნეობა დიდი არ არის და ვფიქრობ, არც ბოლომდე გამართულია. წესით, მეურნემ უნდა შეძლოს ვიწრო სპეციალიზაციით რომელიმე დარგის განვითარება. მომყავს კარტოფილი, ყურძენი, ხილი, ლობიო, მწვანილი, მყავს ხარები, ძროხები და ფრინველი, მაგრამ არც ერთს არ აქვს სასაქონლო დანიშნულება. უბრალოდ, სკოლასა და ჟურნალისტიკასთან ერთად მეტს ვერ ვახერხებ, თან გაყიდვასაც ნიჭი უნდა. ამასთან, ირგვლივ უამრავ ადამიანს სჭირდება ხელის წაშველება და მიხმარება. ეს "სენი" დედისგან გადმომედო. მას უკითხავად შეეძლო დაეცალა ქმრის ან შვილის საფულე გაჭირვებულის დასახმარებლად.

მეურნეობა სოფელში უფრო გეგმაზომიერი უნდა გახდეს. ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე ვფიქრობ, რომ მცირე კოოპერატივი შევქმნათ, 15.000-ევროიანი საგრანტო პროექტი უნდა მოვამზადო. ცოტა ხნის წინ ასე გავაკეთებინე მეზობელს მინიინკუბატორი და უკვე ადგილობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ეს მცირე წარმოება. ძალიან მინდა, ფუტკარს დაუმეგობრდეს ადამიანი, რადგან მისი ყველა პროდუქტი ფასეულია. ფუტკრის 50 ოჯახი მაინც მეყოლება გაჩუქებული, ზოგმა მოუარა და მოამრავლა, ზოგმა ვერ მოახერხა. ფუტკარი ვერ იტანს უყურადღებობას. საერთოდ, სოფლის მეურნეობაში ყველაფერს გულისყურით უნდა მოეკიდო, თუ გინდა, რომ შენმა ნაშრომმა ნაყოფი გამოიღოს. ალბათ, მეზობლები არ მეპირფერებიან, როდესაც მეუბნებიან, რომ სოფელში მოსახლეობისათვის სტიმულის მიმცემი ვარ. რადგან მე ვარ სოფლად, აღარ უნდათ წასვლა და ერთად ვდგავართ ზემო იმერეთში მწვანე სოფლის სადარაჯოზე. ჩემი სოფლად ყოფნა თუნდაც იმ ასეულობით წაბლის ხის გადარჩენის გამო ღირდა, რომლებსაც კომპანია "ვუდ ექსპორტი" შეუბრალებლად უპირებდა მოჭრასა და მოუსავლეთის გზაზე გაგზავნას. ჩემი განცხადების საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები ამოვიდნენ, არც პარლამენტარებმა დაახანეს და 200.000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ამ ფირმას.

- სოციალურ ქსელში წერდით, - ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არის დრო და პოლიტიკოსები, არც ერთს არ ენდოთ და უკეთ იქნებითო. რას გულისხმობდით?

- პოლიტიკოსებსა და დროზე ვიხუმრე. ისე, აშკარად ჩანს, რომ საქართველოში იოლი ცხოვრების საშუალება პოლიტიკაში წასვლაა. არასდროს ვყოფილვარ პარტიული. ვფიქრობდი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და საკრებულოში ერთ-ერთი ყველაზე მკვახე ხმა ვიქნებოდი, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, გადამწყვეტ მომენტში უარს რომ ვიტყოდი. ახლა ჩემგან ჭკუის სწავლება სჭირდება კიდევ ნერვებდაწყვეტილ ხალხს? თუ რამის გაკეთება შემიძლია, საკრებულოს წევრობის გარეშეც გავაკეთებ. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები პოლიტიკაში ცოტაა, გაუმართლა ჭიათურას - სახელიანი დეპუტატი და გამგებელი გვყავს, მაგრამ თუ რამეს დააშავებენ, ტკბილ საუბარზე უკეთ მწარედ წერა და ლაპარაკი გამომდის.

ეკა ლომიძე

წყარო : გაზეთი ”კვირის პალიტრა”