„მენაშენეთა ასოციაცია“ ტაქსების ლიცენზირებაზე ინიციატივას დადებითად აფასებს

„მენაშენეთა ასოციაციის“ შეფასებით, დედაქალაქში ტაქსების სავალდებულო ლიცენზირებაზე გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს.

კერძოდ, ასოციაციის ცნობით, ტაქსების ლიცენზირება აუცილებელია, რათა რამდენიმე მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„ტაქსების ლიცენზირება შემდეგი პირობების დასაკმაყოფილებლად არის აუცილებელი: უსაფრთხო ტრანსპორტი, რისთვისაც აუცილებელია მკაცრი ტექდათვალიერება; კომფორტული ტრანსპორტი და მინიმალური სტანდარტების დაცვა ამ თვალსაზრისით; გადასახადის დაწესება - თუ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა იხდის გადასახადს, მაშინ რატომ არ უნდა გადაიხადოს ტაქსის მძღოლმა, რომელიც უფრო მეტს გამოიმუშავებს; სპეციალური ადგილების გამოყოფა, რის შედეგადაც ტაქსები სპეციალურად გამოყოფილ ზონებში იიდგებიან,“-განმარტავენ მენაშენეთა ასოციაციაში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში ტაქსებს სავალდებულო რეგისტრაციის გავლა და ნებართვის აღება მოუწევთ.

მისივე თქმით, თბილისში სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და საცობების შესამცირებლად კომპლექსური სამუშაოების გატარება იგეგმება.