შეღავათები დაზარალებულ იპოთეკარებს

”შერლოკ ჰოლმსიც რომ მოიყვანოთ, ჯერჯერობით ისიც ვერ იტყვის სიმართლეს”...

7 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და "ლიბერთი ბანკს” შორის ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა, რომლითაც აჭარის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დაზარალებული ქობულეთელი იპოთეკარები, შეღავათიანი კრედიტებით ისარგებლებენ. იპოთეკართა მონაცემები აჭარის მთავრობამ შეაგროვა და საბოლოო ბაზა 95 კაცით განისაზღვრა. ცნობილი გახდა ისიც, რომ პროექტით სარგებლობა სხვა დაინტერესებული ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ამ პროგრამის ფარგლებში, "ლიბერთი ბანკი” ბენეფიციარებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით სთავაზობს. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტი იქნება, აქედან 3 პროცენტს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილი 12 პროცენტი კი სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება. სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას უკვე მსესხებელი უზრუნველყოფს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს დარჩენილი სესხის გადახდის პირობები არ დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველ სხვა ბანკში გადავიდეს წინასწარი დაფარვის საკომისიოს გადახდის გარეშე. მსესხებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, საიდანაც "ლიბერთი ბანკი” მის მიერვე ჩატარებული ფინანსური ანალიზისა და უზრუნველყოფის შეფასების საფუძველზე, სესხებს მისცემს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 7 წელია.

”ეს არის სქემა, რომელსაც პრაქტიკული განხორციელება სჭირდება. ახლა შერლოკ ჰოლმსიც რომ მოიყვანოთ, ისიც ვერ იტყვის სიმართლეს და იმას, თუ რა მოხდება, თუმცა ღმერთმა ქნას, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს და სახელმწიფოც. სულ მალე გამოჩნდება თეთრიც და შავიც, ჩვენ ომი არ გვინდა, თანამშრომლობა გვინდა”,- ამბობს საოჯახო სასტუმრო ”ფიჭვნარის” მფლობელი  თამაზ გოგიბერიძე, რომელიც აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულია.

თამაზ გოგიბერიძე:

-ამ პროექტში წერია, რომ მოსარგებლე მხოლოდ 3 პროცენტს გადაიხდის, დანარჩენი 12 პროცენტი კი ჯამში ექვსი მილიონი ლარია. საკითხავია, ამ ექვს მილიონს მთავრობა ხალხს ჩუქნის? - რაღაც არ მგონია. ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? - ჩვენ ნამდვილად არ დაგვვიწყნია, თუმცა ამ ომმა ძალიან დაგვაზარალა. მაგალითად, ჩემი საოჯახო სასტუმრო სავსე იყო დამსვენებლებით, ყველა გაიქცა და სეზონი ჩავარდა. საქართველომ დასავლეთისაგან მაშინ 4,5 მილიარდის ოდენობის დახმარება მიიღო, ამ თანხაში გათვალისწინებული იყო დახმარება როგორც ბანკების, ასევე დაზარალებულებისთვის. სახელმწიფოს ჩვენთვის იაფფასიანი სესხი უნდა მოეცა, მაგრამ ეს სანახევროდ გააკეთა, თანაც, არ აღიარა ფორსმაჟორი, რაც გულისხმობს საომარ მდგომარეობას, მიწისძვრებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს და ა.შ. ეს პირობა ჩადებული იყო იპოთეკურ ხელშეკრულებაში, მაგრამ რატომღაც არ შესრულდა იმის მიუხედავად, რომ ბევრი ვიბრძოლეთ. მე მაგალითად, თვენახევარი მატარეს ბათუმში და დიდი ბრძოლის შემდეგ, მხოლოდ 30-მა ოჯახმა მიიღო ეს სესხი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ დავალიანების მხოლოდ ნახევარი დაფარა. სწორედ დარჩენილმა 50-მა პოცენტმა გამოიწვია ეს ქაოსი, რადგან დაზარალებულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო, გამოყოფილი თანხა ყველას არ ეყო და ხალხი მევახშეების ხელში ჩავარდა. ბიძინა ივანიშვილის დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ ეს საქმე აჭარის უსუსურ მთავრობას მიანდო - დაზარალებულ იპოთეკართა პრობლემა ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა. ახლა ეს ხალხი ნებისმიერ პირობაზე წავა, მაგრამ მთავარი მაინც საბოლოო შედეგია.

ზაურ ცეცხლაძე, მცირე მეწარმე, ერთ-ერთი დაზარალებული:

- 7 მაისს ქობულეთში დიდი ზეიმი იყო, რადგან ამ გამწარებულმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა და დიდი ტვირთი მოიცილა მხრებიდან. ჩემი ოჯახიც მათ რიცხვშია, ვინც გამოსახლების ზღვარზე იყო. ჯერ კიდევ შეშინებული ვართ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აგონიიდან გამოვედით - გამოსახლება აღარ გვემუქრება. სამი პროცენტი მიზერული თანხაა. გამოსახლება რომ შეჩერდა და შანსი მოგვეცა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ: 2008 წლამდე ბანკებთან ერთ ოჯახსაც კი არ ჰქონია პრობლემა. ყველაფერი ამ ომის შემდეგ დაიწყო: ხალხმა ბანკის სესხი ვეღარ დაფარა და მამა-პაპური საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. ეს შეღავათები ჩემთვისაც და ბევრისთვისაც მისაღებია, ქობულეთი დიდ განსაცდელს გადაურჩა - ლტოლვილების ქალაქად არ გადაიქცა.

მალხაზ ხაბაზი, იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი:

- ამ სიაში მყოფი ხალხის 70 პროცენტს სახლები გაყიდული აქვს და გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას. ჩვენი მიზანი იყო ეს საფრთხე თავიდან აგვეცილებინა და გაყიდული სახლები უკან დაგვებრუნებინა. საშეღავათო პერიოდი სამი წელია, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ სამ წელიწადში, ვინც ნორმალურია, თავისი პრობლემა უნდა მოაგვაროს. თანაც, სამი წლის შემდეგ იპოთეკარს ეძლევა უფლება, სხვა ბანკში გადაიხადოს სესხი - იქ, სადაც უკეთესი პირობებია. მართალია, მიზნის მისაღწევად ჩვენც ვიბრძოლეთ, მაგრამ მთავრობაც გვერდში დაგვიდგა. ისე გაიწელა ეს პროცესი, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარების იმედი უკვე აღარ გვქონდა. მთავარია, რომ ხალხს იმის შიში აღარ ექნება - ხვალ თუ ზეგ საკუთარი სახლიდან გამომასახლებენო, დანარჩენს კი როგორღაც მოევლება.

ხათუნა ჩიგოგიძე