ურეკში ბულვარის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, დაბა ურეკში ბულვარის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერი 3 თებერვალს იწყება და 6 თებერვალს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 212 400 ლარია.
„დაპროექტებისას უნდა იქნას გათვალისწინებული: ურეკში ცენტრალურ ნაწილში შესასვლელი გზის რეკონსტრუქცია, ტროტუარების მოწყობა და განათება; ბულვარის პარალელურად სანაპიროს პირველი და მეორე ზოლის ქუჩების რეკონსტრუქცია: ტროტუარების მოწყობა; გადასასვლელების მოწყობა; ქუჩის განათების მოწყობა; სანაპიროზე ჩასასვლელი საფეხმავლო გზების რეკონსტრუქცია და განათების მოწყობა; ცენტრალური შესასვლელის მოწყობა მოედნით; სანაპიროს ბულვარზე საფეხმავლო გზის მოწყობა; საფეხმავლო გზის პარალელურად ორზოლიანი ველო-ბილიკის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკის და ველო-ბილიკის გამოყოფა სანაპიროს ქვიშიანი ნაწილისგან დაბალი ჯებირით (რომ არ მოხდეს შტორმის დროს გზის ქვიშით გადაფარვა); საზოგადოებრივი სან-კვანძების და საშხაპეების მოწყობა; გარკვეული ინტერვალებით საფეხმავლო გზის გაფართოებების მოწყობა მოსასვენებელი ფანჩატურების (სასურველია აღნიშნული არ იყოს ზედმეტად თვალშისაცემი, და მაქსიმალურად მოერგოს არსებულ გარემოს), სკამების და სანაგვე ურნების განსათავსებლად; ბულვარის გამწვანება; ბულვარის განათება; სასმელი წყლის შადრევნები; სადრენაჟე სისტემა; ფრენბურთის მოედანი; ბავშვთა სათამაშო მოედანი; მოედნები სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის პლაჟზე (პროექტით გათვალისწინებული),“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.