“მეგადორსმა“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა

კომპანია, რომელსაც იმპორტირებული კარი შემოჰქონდა საქართველოს ბაზარზე, „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შემდეგ, პროდუქციას უკვე ქვეყნის შიგნით აწარმოებს და 40 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული“ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს „მეგადორსის“ ახალი საამქროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, კომპანია თვეში 2000 კარს აწარმოებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამზადებს. კომპანიამ ისარგებლა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრაქტიკულად ყველა კომპონენტით. მას გადაეცა ქონება 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც პირნათლად შეასრულა, ასევე სესხის მომსახურების ნაწილში თანადაფინანსებით და ტექნიკური დახმარებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.