ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად „მომავლის სკოლაში“ საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა საგანმანათლებლო კამპანიის „მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე“ ფარგლებში გაიმართა. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული კამპანია გულისხმობს მშობლების ჩართვას საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციაში. ლალიაშვილმა ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ჩვენ დაგვეღუპა იმაზე მეტი ბავშვი, ვიდრე 2016 წელს. ძალიან სავალალო მდგომარეობაში, მაღალი რისკის ქვეშ გვყავს ჩვენი არასრულწლოვანი მოზარდები. დღეს განვიხილავთ რა კატეგორიის სავარძლები არსებობს და რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის ის განკუთვნილი, რათა ბავშვებმა და მშობლებმა იცოდნენ ამის შესახებ“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, 2017 წელს გზებზე სიკვდილიანობა 11%-ით შემცირდა.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება იწყება სკოლის ასაკიდან. ჩვენ, ალიანსთან ერთად, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, გვექნება შეხვედრები სკოლებში. მშობლები მივლენ შვილების სკოლებში, ჩაატარებენ ღია გაკვეთილებს, სადაც საუბარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას შეეხება. 2017 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საკანონმდებლო პაკეტი - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც 2017 წელს უკვე შედეგად მოგვცა გზებზე სიკვდილიანობის 11%-ით შემცირება, რაც ხელშესახები შედეგია, ამიტომ ეს კამპანია უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს. ალიანსის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 წლამდე 31 მოზარდი დაიღუპა და 988 დაშავდა.