ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) წლის პირველ სხდომაზე, ევროს კურსი და რბილი მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა.

უფრო მეტიც, პირობა დადო, რომ სტიმულირების პროგრამის დასრულების შემდეგაც, ევროზე ახლანდელ საპროცენტო განაკვეთს კარგა ხნით შეინარჩუნებს. და თუ საჭირო გახდა, აქტივების შესყიდვის მოცულობასაც გაზრდის.

ევროზე საპროცენტო განაკვეთი კვლავ ნულოვან დონეზე დარჩა, სადეპოზიტო რესურსებზე განკვეთი კი ისევ 0.40 პროცენტია. გარდა ამისა, ობლიგაციების ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა ისევ 30 მილიარდი ევროს დონეზე დარჩა და სექტემბრამდე შენარჩუნდება. ბანკის განცხადებით, ობლიგაციების შესყიდვების მოცულობა გაიზრდება, ან პროგრამის მოქმედება გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის ზრდა შეფერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროზონის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა, ECB-სთვის ნამდვილ თავსატეხს ქმნის ის გარემოება, რომ ევროს კურსი დოლართან მიმართებით მკვეთრად მყარდება (დეკემბრის შემდეგ 5.5 პროცენტით არის გაზრდილი). ამას კი ეკონომიკის განვითარების შეფერხება შეუძლია. ამის საპირისპიროდ, შეერთებული შტატების ხელისუფლება არ მალავს, რომ მიესალმება დოლარის სისუსტეს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სტიმულირებას იწვევს.

ECB-მ სამ წელიწადში 2 ტრილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციები შეისყიდა, რითაც ხელი შეუწყო ევროზონაში საკრედიტო ხარჯების შემცირებას. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის განვითარების დამატებით სტიმულს იძლევა და ფასების ზრდასაც უწყობს ხელს, რასაც თავის მხრივ, ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე ზრდა უნდა მოჰყვეს. თუმცა ECB-ს პროგნოზით, ინფლაციის ამ დონემდე ამოსაწევად წლები იქნება საჭირო.

ECB-ს განცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევრობანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროს გამყარების გაგრძელების შემთხვევაში, ECB თავის სტრატეგიას გადახედავს. ამის მიზეზი ისაა, რომ მყარი ევრო ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება და ამას ECB-ს ყველა მცდელობის წყალში ჩაყრა შეუძლია. ამის გამო, დრაგიმ თითქმის გამორიცხა ევროზე განაკვეთის აწევის წელს დაწყების შანსი.

მისი პრესკონფერენციის შემდეგ, ევროს ფასმა 1.2538 დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. თუმცა შემდეგ კურსი 1.121364 დოლარამდე სწრაფადვე დაეცა.

ანალიტიკოსები ელიან, რომ ECB შესყიდვების პროგრამას ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს. დრაგის ეს არ უარუყვია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ინფლაცია არ ტოვებს მდგრადი ზრდის შთაბეჭდილებას. ეს კი სერიოზული მიზეზია იმისათვის, რომ რბილი მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდეს.