დონალდ ტრამპი ძლიერი დოლარის მომხრეა

ტელეარხ CNBC-სთან საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მყარი დოლარის მომხრეა.

ამგვარად, მან დააბალანსა ქვეყნის ხაზინის მმართველ სტივენ მნუჩინის განცხადბა იმის შესახებ, რომ ის დასუსტებულ დოლარს მიესალმება, რადგან ეს ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს.

„დოლარი სულ უფრო გაძლიერდება. საერთო ჯამში, მსურს, რომ მყარი დოლარი ვიხილო“, - განაცხადა ტრამპმა.

ამ განცხადების შემდეგ, ამერიკულმა დოლარმა გაიმყარა პოზიციები, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დათმო.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მნუჩინის გამონათქვამები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და რომ შეერთებული შტატები კვლავ ძლიერია ეკონომიკურად.

მნუჩინმა დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „შედარებით სუსტი დოლარი, ვაჭრობის და სხვა შესაძლებლობათა თვალსაზრისით არის ხელსაყრელი“. ბაზრის ანალიტიკოსებმა ეს განაცხადება აღიქვეს, როგორც აშშ-ის ტრადიციული სავალუტო პოლიტიკის შეცვლის ნიშანი და ის ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციასთან გააიგივეს.

პირველი გამოსვლის შემდეგ, მნუჩინმა გუშინ დააზუსტა, რომ მთავრობას არ აღელვებს მოკლევადიან პერსპექტივაში დოლარის კურსი და თავის განცხადებას, „სრულიად გასაგები და დაბალანსებული“ უწოდა. „მეგონა, რომ ჩემი გუშინდელი გამონათქვამი დოლართან დაკავშირებით, საკმარისად გასაგები და დაბალანსებული იყო“, - განაცხადა აშშ-ის მთავარმა ხაზინადარმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ ყოველთვის სამართლიანი ეკონომიკური კონკურენციის მომხრეა.

„ჩვენ თავისუფალ, სამართლიან ვაჭრობას ვემხრობით. ვფიქრობ, ეს სრულებით გასაგებია. ჩვენ არ გვსურს სავაჭრო ომებში ჩართვა. მეორე მხრივ, ამერიკის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ“, - ამბობს მნუჩინი.

ამის მიუხედავად, საფრანგეთის და იტალიის ფინანსთან მინისტრებმა, ამერიკელი კოლეგის კომენტარების გამო შეშფოთება გამოთქვეს, რადგან ამან დოლარის კურსი მრავალწლიან მინიმუმზე დაიყვანა. რაც შეეხება ტრამპს, გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნელთან“ 12 აპრილის ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ „დოლარი მეტისმეტად არის გამყარებული“. როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარმა ეს აღიქვა, როგორც არასასურველი მოვლენა და შედეგად, მას შემდეგ ამერიკული ვალუტა დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა.