ვისურვებდი, რომ საპენსიო რეფორმა გაცილებით უფრო ადრე განხორციელებულიყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ბახტაძის თქმით, დაგროვებითი პენსიის რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს. "პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ყველა წარმატებულ ქვეყანაში გატარდა საპენსიო რეფორმა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ეკონომიკას, სადაც საპენსიო ფონდები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, საქართველოსაც აქვს ეს ნაბიჯი გადასადგმელი. უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ ეს განხორციელებულიყო გაცილებით ადრე. რაც შეეხება საბიუჯეტო კომპონენტს, ჩვენ 2018 წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 80 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული",- განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება საბაზისო პენსიის ზრდას 20 ლარით, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გაცხადებული აქვს როგორც მთავრობას, ასევე აღნიშნული პუნქტი დევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში, რომ 2019-2020 წელს ორ ეტაპად მოხდება საბაზისო საპენსიო განაკვეთის ზრდა.