მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში სულ 75 მისო ოპერირებდა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 81 ერთეული იყო, უფრო გვიან, 2017 წლის მაისში კი საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებდა.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირებას გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ ბაზარზე არასაბანკო დაწესებულებების გამსხვილებაც მოხდეს.
„ზოგადად ეს არის საფინანსო სექტორისათვის ძალიან ცუდი ტენდენცია, რადგან არასაბანკო საფინანსო სექტორი საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არის პირდაპირი კონკურენტი საბანკო სექტორის და მათგან განსხვავებით მოსახლეობის ფართო მასებისათვის ქმნის დამატებითი შემოსავლის და საკრედიტო დაბანდების შესაძლებლობებს. მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს სრული უფლება მისცა, რომ ამ სექტორის კონტროლი და რეგულირება მოახდინოს.
ყველა ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში არასაბანკო სექტორის მიმართ განხორციელდა, არასწორი იყო. სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, როდესაც რეგულატორს, რომელიც უნდა ზრუნავდეს საბანკო სექტორის განვითარებაზე, მისცა მკაცრი რეგულირების ყველა შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს და მოახდინოს რეგულირება იმ სექტორის, რომელიც პარალელურად საბანკო სექტორის ყველაზე სერიოზული კონკურენტია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი ბერძენაძემ.
მისივე თქმით, არასაბანკო დაწესებულებების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკებმა მსესხებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ.
„კომერციული ბანკები არასაბანკო ორგანიზაციების შემცირებით მიიღებენ დადებით შედეგს იმ მხრივ, რომ დეპოზიტარებს მიიზიდავენ. მაგრამ მეორე მხრივ ისმის კითხვა - ბანკები დააკმაყოფილებენ თუ არა მსესხებლების იმ რაოდენობას, რომელიც ჰყავს არასაბანკო დაწესებლებებს? ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ბანკების და არასაბანკო სექტორის კლიენტები არიან ორი განსხვავებული კლიენტების კატეგორია. ბანკები არ/ვერ შედიან იმ რისკში, რაშიც შედიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
დასკვნისთვის, ეროვნული ბანკის ხელში არასაბანკო სექტორის რეგულირების გადასვლა არის ძალიან დიდი შეცდომა. რაც მეტად გაეზრდება ეროვნულ ბანკს უფლებები არასაბანკო სექტორის რეგულირებაზე, ის ამ სექტორს შეამცირებს მოკლევადიან პერიოდში, ხოლო გრძელვადიან პერიოდში სექტორის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი ბერძენაძემ.