„თავისუფალი საქართველო“ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, თბილისის მერმა ოპოზიციას შესთავაზა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში მონაწილეობა.
ქალაქის გენერალურ გეგმას უკავშირდება თბილისელების მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის: საცობები, ეკოლოგია, განაშენიანება და ა.შ. სამწუხაროდ, 1992 წლის შემდეგ, არ მოიძებნა ხელისუფლება, რომელიც თბილისის გენერალურ გეგმას სწორედ თბილისელების და არა მსხვილი დეველოპერების ინტერესების გათვალისწინებით შეადგენდა. შესაბამისად „თავისუფალი საქართველო“ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში. იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის მერის განცხადება წარმოადგენს რეალურ ინიციატივას და არ არის გათვლილი მხოლოდ პიარზე“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.