ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია 2017 წლის დეკლარაციის თანახმად თბილისში, ჭავჭავაძის №83-ში 180 ათასი ლარის ღირებულების 129,03 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასაწყობე ფართობს ფლობს.
მას ასევე ეკუთვნის მცხეთაში სოფელ შანკევანში მდებარე 30 ათასი ლარის ღირებულების 4500 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2015 წელს არის შეძენილი.
2017 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მურთაზ კიკორიას 100%-იან მფლობელობაშია 1 200 000 ლარის ღირებულების 2013 წელს გამოშვებული BMW M6, რომელიც მან 2014 წელს შეიძინა და 2012 წელს შეძენილი 68 ათასი ლარის ღირებულების 2010 წლის BMW 550. კიკორიას დეპოზიტის სახით "თიბისი" ბანკში 2 100 000 ლარი აქვს. საბანკო ("თიბისი", "ქართუ", "საქართველოს ბანკი") ანგარიშებზე 467 000 ლარი აქვს, მათ შორის სახელფასო ანგარიშზე - 24 322 ლარი.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის მას 2017 წელს 6204,53 ლარი აქვს მიღებული, ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე კი 2727,27 ლარი. მურთაზ კიკორიას თავის მეუღლესთან ნინო კოღუაშვილთან 7 300 000 ლარის ღირებულების საქორწინო ხელშეკრებულება აქვს გაფორმებული. ხელშეკრულება წყვილმა გასული წლის მარტში გააფორმა და მას ვადა 2018 წელს გასდის.
დეკლარაციის იმ ნაწილში, სადაც ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი აღირიცხება, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე, მურთაზ კიკორიას შვილის სწავლისთვის გადახდილი 12 ათასი ევრო და უმცროსი შვილის სწავლის საფასური 60 ათასი დოლარი აქვს მითითებული.
წყარო: ALLNEWS