ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სჭირდება სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა

ქვეყნის განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს სჭირდება სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მეცნიერების განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავების გზებზე იმსჯელეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობამ საქართველოს მეცნიერების მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყო. ორ კვირაში მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. პარალელურად დაიწყო კვლევითი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის შესწავლა.

ეკონომიკურმა საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელა, მათ შორის, განიხილეს რეგიონების ინტერნეტიზაციის გეგმა.