იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლს თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების გამო 55 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტების ოლიკო შერმადინის და თეონა ზაქარაშვილის დახმარებით მოქალაქე ქეთევან კობახიძემ 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ. იუსტიციის სახლს. მოპასუხეებს ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის დაევალათ კომპენსაციის სახით 55 000 ლარის ანაზღაურების გადახდა.
ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან კონკურსის წესით დაინიშნა სსიპ. იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან ქალბატონი ქეთევანის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.