ნიდერლანდებმა და ბელგიამ წარმოადგინეს 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ავტონომიური კონტეინერების გადამზიდავი ბარჟა, რომელსაც „არხების ტესლა“ ეწოდა.
მთლიანად ელექტრონული ძრავებით აღჭურვილი გემები 425-ტონიანი 24 კონტეინერის გადაზიდვას შეძლებენ ამსტერდამის, როტერდამისა და ანტვერპენის პორტებიდან.
ხუთი ბარჟა, რომლებიც ამ ზაფხულს ჩაეშვება, ჩაანაცვლებენ დიზელის ძრავიან სატვირთო ბარჟებს. ხომალდები აგებულია ჰოლანდიური კომპანია Port Liner-ის მიერ. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ხომალდების ელემენტების დამუხტვაც ეკოლოგიურად სუფთა გზით მიღებული ენერგიით მოხდება, ამ შემხთვევაში მათ ელექტროენერგიას მიაწვდის კომპანია Eneco, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.
ბარჟების სიგრძე 52 მეტრია, სიგანე - 6,7 მეტრი, რაც ქმნის 8%-ით მეტ სივრცეს, ვიდრე ტრადიციული ბარჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ბარჟები სრულიად ავტონომიურია და ისინი ადამიანისგან დამოუკიდებლად იმოძრავებენ მას შემდეგ, რაც მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
მოგვიანებით Port Liner 110 მეტრის სიგრძიანი მოდელების წარმოებასაც გეგმავს. ისინი 280 კონტეინერის გადაზიდვას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი კომპანიებს 6 მილიონით დააფინანსებს, თუ ისინი საკუთარ ბიზნესში აღნიშნულ ხომალდებს გამოიყენებენ.
კოკა კვირკველია