"მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე"

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა , ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე.

შეხვედრაზე ჩემს კოლეგასთან განვიხილე მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.

განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივას ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.