საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თავის მხრივ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, რომ ლიტვასა და საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სხვადასხვა მიმართულებითაც დაგვიმყარდა საუკეთესო თანამშრომლობა, მაგალითად, ტურისტული ნაკადების თვალსაზირისით. ის, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიტვაში და აინტერესებთ ლიტვური ენა, განსაკუთრებით ქართული ენის პროგრამის შემოღების შემდეგ ვილნიუსის უნივერსიტეტში, ასევე დავინახეთ ლიტველების ინტერესი ქართული ენისადმი“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.