კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „სილქნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის გარიგების შესასწავლად და ნებართვის გასაცემად 3-თვიანი ვადა აქვს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს - „ჯეოსელს“ და „სილქნეტს“ კომისიისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით, კომისია უკვე დიდი ხანია საქმის კურსშია, აკვირდება ამ გარიგებას.
„ოფიციალურად მიმართვის შემთხვევაში კომისია დაიწყებს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას კვლევისა და ანალიზის მიზნით, დაადგენს ექნება თუ არა ამ ტრანზაქციას იმ მომსახურებებზე, რომლებზეც ცალ-ცალკე საქმიანობს „სილქნეტი“ და „ჯეოსელი, კონკურენციაზე გავლენა. ამის შემდეგ კომისია მიიღებს უკვე კანონით დადგენილ გადაწყვეტილებას. ამისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური სამთვიანი ვადა, თუმცა ეს არის ორფაზიანი. 15 დღის ვადაში ან უნდა დაიწყოს წარმოება, ან პირდაპირ უნდა გასცეს თანხმობა, ხოლო ამის შემდეგ აითვლება უკვე სამი თვე და დაინიშნება საჯარო მოსმენები, განხილვები და ამის შედეგად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა.
როგორც ცნობილია, „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, შეთანხმება მიღწეულია „ჯეოსელის“ აქციონერებთან - Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.