წალკის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალკის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას, ხარებას და ჩრდილის უბნის თემის რწმუნებული, სონია თანასოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სონია თანასოვამ მოქალაქეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გასატანად და სარეალიზაციოდ საქონლის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 3000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).